logo
ENG



"იქით რომ გადავიდე ან დამაკავებენ ან მომკლავენ" - დათა პაპას შვილიშვილმა პოლიცია დატოვა

22 იან 202117:44
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/22/wgstbdfswi1vy30.png

დათა (პაპას) ვანიშვილის შვილიშვილმა, მალხაზ ვანიშვილმა, რომელიც ხურვალეთის ოკუპირებული ნაწილიდან გუშინ გამოიქცა, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის განყოფილება დატოვა. 

მას განყოფილებაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ. როგორც ვანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ბოლო პერიოდის განმავლობაში მასზე ზეწოლას ახდენდნენ. 

ვანიშვილი ამბობს, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრება უნდა. მისივე თქმით, თუ ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისევ გადავა, მას ან მოკლავენ ან დააკავებენ. 

"მეუღლე აქ მყავს, იქ ზეწოლის ქვეშ ვიყავი და აქეთ გადმოვედი. იძულებული გამხადეს, რომ იქ მოქალაქეობა მომეთხოვა. იქ ცხოვრება აღარ შემეძლო. მთავრობას ვთხოვ, რომ რამე თავშესაფარი მომცეს და რამე პატარა სამსახური. აქ ცხოვრება მინდა. იქით რომ გადავიდე ან დამაკავებენ, ან მომკლავენ", - განაცხადა მალხაზ ვანიშვილმა. 

მანამდე ვანიშვილმა ფორმულასთან საუბარში განაცხადა, რომ მას აიძულებდნენ საქართველოზე უარის თქმას და მილიციის თანამშრომლები ამას ვიდეოზე იღებდნენ. 

ცნობისთვის, მალხაზ ვანიშვილი ოკუპირებულ მხარეს დაახლოებით 2 თვის წინ გადავიდა. აღნიშნული ნაბიჯი ვანიშვილმა მძიმე სოციალური მდგომარეობით ახსნა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვანიშვილი ბებია-ბაბუის სახლში ცხოვრობდა.  


close დახურვა